კითხვარი ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის პრიორიტეტების შესახებ

ეროვნული ბანკი აგრძელებს 2020 წელს დანერგილ პრაქტიკას და ამჯერად ახალ, სამწლიან საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც 2026-2028 წლებისთვის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და შესაბამისი აქტივობები განისაზღვრება.

საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე სექტორისთვის, ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის, სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ქმნის კიდევ უფრო გამჭვირვალე სამუშაო გარემოს.

საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს:

· საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ნაკისრ ვალდებულებებს;
· საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზს;
· საზოგადოებისა და სექტორისგან მიღებულ მოსაზრებებს;
· საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილ საჭიროებებს, არსებულ რისკებსა და გამოწვევებს.

ეროვნული ბანკი გაეცნო მიმდინარე საერთაშორისო ტენდენციებს და სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებების სამოქმედო გეგმებს, რომელთა გათვალისწინებით, მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში აქტუალური საკითხებს შორისაა გეოპოლიტიკური რისკების მართვა, როგორც საზედამხედველო ორგანოს, ისე საფინანსო სისტემის მონაწილეთა მხრიდან. ასევე, საოპერაციო და კიბერ რისკების მართვის, რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხები. მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციისა და დიჯიტალიზაციის პირობებში კი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების და მათი გამოყენების თანმდევი რისკების შესწავლა და რეგულირება.

საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში, არსებითად მნიშვნელოვანია, გავიგოთ სექტორისა და დაინტერესებული პირების, საზოგადოების წევრების მოსაზრებები ეროვნული ბანკის სამომავლო საზედამხედველო პრიორიტეტების მიმართ არსებულ მოლოდინებსა და ზოგადად მიმდინარე გამოწვევებზე. შესაბამისად, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ქვემოთ მოცემულ კითხვებზე (შესაძლებელია როგორც ყველა, ისე რომელიმე კონკრეტული კითხვის პასუხად თქვენი პოზიციის მოწოდება).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იგეგმება ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგია ეხებოდეს ეროვნული ბანკის მხოლოდ ზოგიერთ საზედამხედველო სუბიექტს, კერძოდ, კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, საკრედიტო კავშირს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, სესხის გამცემ სუბიექტს, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორს, საბროკერო კომპანიას (გარდა სადაზღვევო ბროკერისა), საფონდო ბირჟას, ცენტრალურ დეპოზიტარს, სპეციალიზებულ დეპოზიტარს, აქტივების მმართველ კომპანიას, ანგარიშვალდებულ საწარმოს, საინვესტიციო ფონდს, ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს და საპენსიო ფონდს. აღნიშნული სუბიექტები ამ კითხვარის მიზნებისთვის ერთობლივად იწოდებიან როგორც საფინანსო სექტორი/საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის ცალკეული საზედამხედველო მიმართულებების კუთხით, შესაბამის სუბიექტებსა თუ მიმართულებებზე მორგებული სტრატეგიები აღნიშნული სტრატეგიისგან დამოუკიდებლადაც მზადდება და ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელი იქნება 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე - SupervisoryStrategy@nbg.gov.ge.
1.
გთხოვთ, მიუთითოთ სახელი და გვარი/ორგანიზაციის სახელწოდება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გსურთ ანონიმურად დარჩენა):
2.
თქვენი აზრით, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ეროვნულმა ბანკმა ყურადღება 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავებისას, რათა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება, კონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობა, სისტემური რისკის კონტროლი და პოტენციური რისკების შემცირება?

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საზედამხედველო სტრატეგია განსაზღვრავს არა მხოლოდ საზედამხედველო პრიორიტეტებს, არამედ ხედვას, პრინციპებსა და მოქმედების გზებს, რომელთა მეშვეობით მოხდება საფინანსო სისტემის სტაბილურობის, გამჭვირვალობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

მოცემული ამოცანის შესასრულებლად, აუცილებელია მდგრადი და ჯანსაღი საფინანსო სექტორის განვითარების მხარდაჭერა, რომელიც ღია იქნება კვალიფიციური ინვესტორებისთვის, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტუნარიანი გარემო და დაცული იქნება მომხმარებელთა ინტერესები. ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, ასევე, სისტემური და პოტენციური რისკების შემცირებას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამოცანის მისაღწევად, სექტორსა და რისკებზე ზედმიწევნითი ინფორმირებულობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მუდმივად ინარჩუნებს სისტემურ ხედვას ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორებთან მიმართებით. პრუდენციული ზედამხედველობის რეჟიმი ორიენტირებულია მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრად ფუნქციონირებაზე.
3.
გთხოვთ, დაასახელოთ ის საზედამხედველო პრიორიტეტები და გამოწვევები, რომლებიც თქვენი აზრით ეროვნულმა ბანკმა 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში უნდა გაითვალისწინოს:

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. შესაბამისად, საზედამხედველო სტრატეგიული პრიორიტეტები ეროვნული ბანკის აღნიშნული მანდატის შესრულებას უნდა ემსახურებოდეს.
4.
თქვენი აზრით, მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში კონკრეტულად რომელი რისკის/თემატიკის მომწესრიგებელი ჩარჩოს განვითარებაზე/შემუშავებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ეროვნულმა ბანკმა 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავებისას?

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

5.
გთხოვთ გაგვიზიაროთ, სხვა საკითხები, რომლებიც თქვენი მოსაზრებით უნდა გაანალიზდეს 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში

შეგახსენებთ, რომ 2023-2025 წლებში ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას შემდეგი საზედამხედველო პრიორიტეტების გათვალისწინებით წარმართავდა:

1. საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება;
2. საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა;
3. ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება;
4. საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
5. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.
6.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ დამატებითი ზოგადი ან სპეციფიკური რეკომენდაციები და მოსაზრებები, საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების/დახვეწის ან სხვა რელევანტური მიმართულებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ უკვე გამოქვეყნებული საზედამხედველო სტრატეგიები.